ამილოიდოზი – მრავალი ორგანოსა და სხვადასხვა ქსოვილოვანი სტრუქტურების დაზიანებით მიმდინარე სისტემური დაავადებაა; ხასიათდება ცილოვანი ცვლის დარღვევით და ცილოვან – პოლისაქარიდული კომპლექსების უჯრედგარე ჩალაგებით. განასხვავებენ შემდეგ ძირითად ფორმებს: 1. პირველადი ამილოიდოზი, რომელიც წარმოადგენს თანდაყოლილ ფერმენტოპათიას; გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით; 2. მეორადი, წარმოქმნილი ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული დაავადებების ფონზე; ხასიათდება ქსოვილების დაშლით და დაშლის პროდუქტების შეწოვით ან მნიშვნელოვანი იმუნოპათოლოგიური დარღვევებით; 3. იდიოპათიკური; 4. მოხუცებულობითი ამილოიდოზი.
საყლაპავის ამილოიდოზი გვხვდება საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ნაწილების ერთდროული დაზიანებით. დამახასიათებელია დისფაგია მკვრივი და მშრალი საკვების გადაყლაპვისას, განსაკუთრებით წოლის დროს ჭამისას. რენტგენოლოგიური გამოკვლევით საყლაპავი ჰიპოტონურია, პერისტალტიკა შესუსტებულია, ავადმყოფის გამოკვლევისას ჰორინზოტალური მდებარეობაში ბარიუმის შენაწონი დიდხანს ჩერდება საყლაპავში. გართულებები: საყლაპავის ამილოიდური წყლულები და საყლაპავიდან სისხლდენები.
კუჭის ამოლოიდოზი ჩვეულებრივ შერწყმულია ნაწლავის და სხვა ორგანოების ამილოიდოზთან. კლინიკური სურათი: სიმძიმის გრძნობა ეპიგასტრიუმის არეში ჭამის შემდეგ, დისპეფსიური დარღვევები; რენტგენოლოგიური გამოკვლევით – ლორწოვანი გარსების ნაოჭების გადასწორება, პერისტალტიკის შესუსტება და კუჭის შიგთავსის ევაკუაციის შესუსტება. გართულებები: კუჭის ამილოიდური წყლულები, კუჭიდან სისხლდენა, წყლულების პერფორაცია. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ქრონიკულ გასტრიტთან, კუჭის წყლულოვან დაავადებასთან, იშვიათად – სიმსივნესთან. ამილოიდოზის გამოვლინებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიოფსიის მონაცემებს.