კარდიის აქალაზია – შედარებით იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება საყლაპავისა და კარდიის ნერვული წნულის დისტროფიული ცვლილებებით, საყლაპავის ატონიით, გაფართოებით, მისი კედლის პერისტალტიკის მოშლით და ყლაპვის დროს კარდიის რეფლექტორული გახსნით, ამის შედეგად კუჭში საკვების გადასვლის შეფერხებით და მისი ხანგრძლივი შეჩერებით საყლაპავში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია მკერდუკანა ტკივილი, დისფაგია და რეგურგიტაცია. მკერდუკანა ტკივილი ვლინდება კრიზების სახით, რომელიც ხშირად ვითარდება ღამით; ზოგჯერ ტკივილი წარმოიქმნება ცარიელი ან პირიქით, გადავსებული საყლაპავის დროს. დისფაგია თავდაპირველად ეპიზოდურია, გამოხატულ შემთხვევებში აღინიშნება ყოველი ჭამის დროს, განსაკუთრებით მშრალი ან ცუდად დაღეჭილის საკვების გადაყლაპვისას, ძლიერდება ნერვიულობის, აღელვების დროს. საკვების გასვლის გასაიოლებლად ავადმყოფები სვამენ ერთი შესმით ჭიქა წყალს ან გადაყლაპავენ ჰაერს, ასრულებენ ღრმა ჩასუნთქვას და სხვ., რაც რიგ შემთხვევებში იძლევა გარკვეულ შვებას. რეგურგიტაცია ვლინდება საყლაპავში დაგროვებული ნერწყვის, ლორწოსა და საკვების ნარჩენების ამობოყინებით, რომელიც წარმოიქმნება ტანის დახრისას, ან ღამით, ძილის დროს. უკანასკნელ შემთხვევებში შესაძლოა მოხდეს მასების ასპირაცია, რაც ხშირად წარმოადგენს ასპირაციული პნევმონიების მიზეზს.